თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა და 207,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ნოემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 34,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 16,59%-ია. 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 8,04%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
2021 წლის ნოემბერში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 37,4 მლნ აშშ დოლარით (22,0%-ით) მეტი იყო 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,8 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45,3%-ით მეტია.