თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - მომდევნო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო, იუწყება ადგილობრივი მედია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა, ხოლო შვიდი ბიულეტენი ბათილად ცნეს, რადგან კანდიდატი გვარი იქ გადახაზული იყო. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო „ოცნების“ 12-მა დეპუტატმა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ შვიდმა წევრმა. დანარჩენ რვა ოპოზიციონერ დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მას შემდეგ, რაც იზორიამ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის საკმარისი 14 ხმა ვერ დააგროვა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატი - შოთა წურწუმია დააყენონ.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ორი საათის შემდეგ დარბაზში დაბრუნდნენ მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები. შედეგად სხდომა კვორუმის არარსებობის გამო დახურულად გამოცხადდა. როდის შეიკრიბებიან კიდევ დეპუტატები, ჯერჯერობით უცნობია.
ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისაგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 - პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი - „ლელოდან“).