სააკაშვილს დიდი დოზით ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევდნენ – სახალხო დამცველის დასკვნა

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფარმაკოლოგიური წამების საფრთხის ქვეშ არ ყოფილა – მისთვის გაწერილი ფსიქოტროპული პრეპარატების დოზა ნორმის ფარგლებშია, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექიმების კონსილიუმის დასკვნაზე დაყრდნობით.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს ღრმა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რის გამოც მისი მდგომარეობა ყურადღებას საჭიროებს. ექიმების ჯგუფმა მსჯავრდებული სააკაშვილი 12 დეკემბერს მოინახულა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ამ ვიზიტის საფუძველზე ექიმებმა მოამზადეს დასკვნა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მათგან ერთ-ერთი გამოქვეყნდება, შემდეგ კი კლინიკას გადაეცემა.

„ამ თემაზე დეტალურად ექიმები ისაუბრებენ, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვიტყვი: ჩვენი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო დაბალი დოზის პრეპარატის დანიშვნა, თუმცა შეთავაზებული დოზაც ნორმის ფარგლებში იყო. ამიტომაც კვალიფიკაციას, რომ ეს იყო ფარმაკოლოგიური წამება, ჩვენ ვერ მივცემთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ექიმები შემდგომ პერიოდშიც გააგრძელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას.
ომბუდსმენის მთავარი რეკომენდაცია კვლავ უცვლელია – სააკაშვილის ფსიქო-თერაპიული მკურნალობის უზრუნველყოფა.
„ჩვენ ასეთი რეკომენდაცია გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის პირველივე მონახულების შემდეგ გავეცით. მაგრამ სამი კვირის განმავლობაში ის არავინ შეასრულა, რამაც პაციენტის მდგომარეობა და სიტუაცია გაართულა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სააკაშვილს ღრმა დეპრესია და სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დიაგნოზი
რაც შეეხება სააკაშვილის სხვა კლინიკაში ან სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის საკითხს, ლომჯარიას თქმით, ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ გაცემულა.
„ჩვენ გვესმის, რომ საუბარია არა უბრალო პაციენტზე, არამედ მსჯავრდებულზე, ამიტომაც მის გათავისუფლებას, რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვითხოვთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ შესრულდეს ექიმების ყველა რეკომენდაცია და მაშინ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი დღის წესრიგში აღარ დადგება.
ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნება უნდა გამოირიცხოს, რადგანაც ექს-პრეზიდენტის მიმართ აღნიშნულ დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა.
სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაგზავნის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დეკემბრის დასაწყისში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე გლდანის ციხის საავადმყოფოში დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რომელთა არაადეკვატური მიღებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება. ამაზე სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს ფსიქოტროპული მედიკამენტები ძილთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული.
სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი>>>
აღნიშნული განცხადებების ფონზე ომბუდსმენმა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა ექიმთა ჯგუფს დაავალა.
კონსილიუმის დასკვნა სამშაბათს გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც 1 ოქტომბერს მოათავსეს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები კი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვენ.