თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა პატრიარქს შერიგების ინიციატივაზე კურთხევა სთხოვა.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. მათი ცნობით, საპატრიარქო მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ხედვას, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან,
„მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე", – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიწვევაზე თანხმობა განაცხადა. მათი თქმით, ეს პრეზიდენტის მხრიდან შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს.