თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში 70-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ და საწყისი SARS-CoV-2 ვირუსი. ამის შესახებ ნათქვამია ჰონკონგის სპეციალისტების სამეცნიერო კვლევაში.
„ომიკრონი“ არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ამ შტამით ინფიცირების შედეგად დიდ ბრიტანეთში გარდაცვალების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
კვლევა ჩაატარეს ჰონკონგის უნივერსიტეტის (HKUMed) მედიცინის სკოლის (LKS) ექსპერტებმა. სწორედ მათ დაამტკიცეს, თუ რამდენად სწრაფად აინფიცირებს „ომიკრონი“ ადამიანის სასუნთქ გზებს, კერძოდ, ბრონქებს.
„მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის „ომიკრონის“ ვარიანტი 70-ჯერ უფრო სწრაფად აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ბრონქებში, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და საწყისი (ვირუსი - რედ.) SARS-CoV-2. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაეცემა „ომიკრონი“ ადამიანიდან ადამიანზე უფრო სწრაფად, ვიდრე წინა ვარიანტები", – ნათქვამია HKUMed-ის დოკუმენტში.
როგორც გაირკვა, როდესაც ადამიანი ავადდება „ომიკრონით“, ფილტვებში ინფექცია გაცილებით ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე საწყისი SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების დროს. და ეს, როგორც მეცნიერები განმარტავენ, შეიძლება ავადობის მიმდინარეობის შედარებით დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს „ომიკრონით“ ინფიცირებისას.