სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი

ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე მედიკოსებისა და ადვოკატების მოსაზრებები გაიყო.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი არ არის მზად საკვების მისაღებად და საკვების 80% ნაგავში იყრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.
ხელისუფლების მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი სააკაშვილს ორშაბათს, 13 დეკემბერს ეწვია გეგმური შემოწმებისთვის. მედიკოსების განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში რამე გართულება არ აღინიშნება. მას არ აქვს არც ერთი ვიტამინის დეფიციტი და შეიძლება ნორმალურ შერეულ კვებაზე მისი გადაყვანა.

„ორივე კონსილიუმის მიმართ გვსურს გამოვხატოთ პატივისცემა და ნდობა. რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს. საკვების 80% უბრალოდ იყრება ნაგავში", – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, ექიმების განცხადებები რეალობას რომ შეესაბამებოდეს.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ფუნდამენტური პრობლემები" აქვს.
სააკაშვილი კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მწვრთნელის დახმარებით ვარჯიშს დაიწყებს
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. იქ ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც ის დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს. მისი ადვოკატები, დედა და თანამებრძოლები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.
დეპუტატი: სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნა დღის წესრიგში არ დგას>>
ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა, კიდევ სამი საქმე სასამართლოში განიხილება.