თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, მიუხედავად პანდემიისა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ნოემბერში, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა.
კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34.217 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ამავე დროს კი – 72.032 მგზავრს.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ უფრო დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხით.
ნოემბერში აეროპორტში რეისების 65% აღდგა და აეროპორტი მოემსახურა 165 რეისს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 250 რეისი იყო შესრულებული.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანიაც Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი შვილობილი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. უწყების ინფორმაციით, მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს აბუ-დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.