თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი გოგონას (9 და 12 წლის) გაუპატიურებაში ბრალდებულ ორ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განაცხადა.
ბრალდებულების დაკავების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი გოგონების მამაა, ცნობილი გახდა ორშაბათს. მათ ბრალი წაუყენეს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირში და ოჯახის წევრის გაუპატიურებაში.
ადვოკატის თქმით, მისი კლიენტები დუმილის უფლებას იყენებენ.
„გოგონების მამა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", – განაცხადა გოგლიჩიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გოგონების მამის დანაშაულის დამტკიცება რთული იქნება, ვინაიდან საქმეში მოწმეები არ არიან.
მასმედიის ცნობით, თავდაპირველად პოლიციას გოგონების დედა დაუკავშირდა და 24 წლის მამაკაცი 12 წლის ქალიშვილის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
როდესაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო და გოგონა და მისი და გამოკითხა, გაირკვა, რომ ორივე გოგონა არაერთხელ გააუპატიურა მამამ. ორივე მამაკაცი დაკავებულია.