C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%

2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მისი ფუნქციონირების პერიოდში 76 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, მათი 98% გამოჯანმრთელდა, პროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2015 წელს აპრილიდან დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
მომავალი С ჰეპატიტის გარეშე! საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 70% გამოკვლეულია

„დაახლოებით 76-მა ათასმა ადამიანმა ჰპოვა შვება და განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ს ზემოთ, ანუ С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით იმ 12 ქვეყანას შორის მსოფლიოში, რომელიც მიაღწევს ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო მონაწილეობა.
ტიკარაძის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც С ჰეპატიტთან ბრძოლაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაიკავებს მოწინავე ადგილებს... დღეს უკვე ითვლება, რომ პროგრამა არის წარმატებული, და შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იმნაძე: დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა უარი განაცხადა С ჰეპატიტის მკურნალობაზე
მინისტრის თქმით, ნებისმიერი პროგრამის წარმატება პაციენტების ნდობას ემყარება.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სერვისებს – C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და C ჰეპატიტის საპრევენციო ღონისძიებებს.
საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.