თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხელების კანკალი, ანუ ტრემორი პარკინსონის დაავადების სიმპტომად მიიჩნევა, თუმცა ის ასევე შეიძლება სხვა პათოლოგიებზეც მეტყველებდეს, აცხადებენ ექიმები.
ამასთან აღინიშნება, რომ პარკინსონის დროს ტრემორს თან ახლავს: ყნოსვის დაქვეითება, ძილის პრობლემები, მეხსიერების გაუარესება, კუჭის მოქმედების პრობლემები, ძლიერი ოფლიანობა, დაღლილობის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნებები, შფოთვა და დეპრესია.
ექიმების თქმით, ხელების კანკალი შეიძლება განვითარდეს ნერვიულობა–აღელვებისას, სიცივის დროს, ფიზიკური თუ გონებრივი გადაღლისას. თუმცა ასეთ შემთხვევებში ტრემორი მალევე ქრება – დასვენების, ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ყავა, მაგარი ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ალკოჰოლი, თამბაქო) უარის თქმის შემდეგ. ამისათვის ორი-სამი დღეა საკმარისი.
ხოლო თუ ადამიანს ხელების კანკალი არ უჩერდება, ამასთან ამას თან ახლავს სხვა სერიოზული სიმპტომებიც – ყურადღების გაფანტვა, თავბრუსხვევა (გულყრა), სიარულის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში კუნთების მოდუნება, მეტყველების დარღვევა, არტერიული წნევის ცვლილებები, მან აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.
საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელების კანკალი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ადამიანს აღენიშნება:
თირეოტოქსიკოზი — ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია;
ჰიპოგლიკემია — სისხლში შაქრის დონის დაწევა 3,5 მმოლი/ლ-ზე დაბლა;
ნერვული სისტემის დაავადებები (სიმსივნე, მენინგიტი, ენცეფალიტი);
წამლების გადაჭარბებული მოხმარება (მაგალითად, ბრონქიალური ასთმის დროს).
გაუჩერებელი ტრემორის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან თერაპევტს. პაციენტის გასინჯვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტმა უნდა დანიშნოს ფართო გამოკვლევა:
ელექტროენცეფალოგრამა;
ფუნქციური სინჯები;
სისხლის, შარდის ანალიზები და ელექტროკარდიოგრაფია.