COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე არ გამორიცხავს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას

ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბუსტერ-დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მის აუცილებლობაზე საუბრობს.
გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის მესამე, ანუ ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის განეიტრალების გაცილებით უფრო ძლიერი უნარი და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ.
დღეისათვის საქართველოში ვაქცინის ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს. გამყრელიძის თქმით, აქედან 85%-ში გამოყენებულია Pfizer-ის ვაქცინა, დანარჩენ შემთხვევებში - Sinopharm-ი და Sinonac-ი.
„უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომში არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
7 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.
მათ კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთება ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეუძლიათ.
ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: ვაქცინის ბუსტერ-დოზა ომიკრონთან ბრძოლაში ეფექტურია
რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.