„საბავშვო ევროვიზია - 2021“: კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის თარიღი და წესი

მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 17 დეკემბერს, 23:00 საათზე, პორტალ junioreurovision.tv-ზე, იუწყება საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ვებგვერდი.
„საბავშვო ევროვიზია 2021“, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე გაიმართება. ეს უფლება საფრანგეთმა მოიპოვა შარშანდელ კონკურსზე თავისი წარმომადგენლის, ვალენტინას გამარჯვების შემდეგ (სიმღერა J’imagine). ტრადიციულად, „პირველი არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან წაიყვანს.
ხმის მიცემის პროცესი დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთმა მომხმარებელმა უნდა მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს. ამრიგად, მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური.
გამოვლინდა „საბავშვო ევროვიზია-2021“-ის ქართველი მონაწილე
საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2021“ საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია წარადგენს. ის შეასრულებს სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).
ზედიზედ მეოთხე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.

ნიკოლოზ ქაჯაია

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია მუსიკითა და ვოკალით ადრეული ასაკიდან არის გატაცებული. 2020 წელს ის ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განყოფილებაში. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ქანდაკებითა და მხატვრობით. „რანინამდე“ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში და კონცერტში.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო. შარშან საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You are not alone მეექვსე ადგილზე გავიდა.