თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალრეიტინგული უკრაინული მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელი ჟურნალისტები 8 დღიანი ტურის განმავლობაში ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, მცხეთას, მესტიას, უშგულსა და თბილისს მოინახულებენ. ასევე დაათვალიერებენ ქუთაისსა და წყალტუბოს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტური მნიშვნელოვანია ზამთრის ტურისტული სეზონისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ზამთრის კურორტებს და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
ერთ-ერთმა უკრაინელმა ბლოგერმა იულია ბერკუტამ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა და მან სოციალურ ქსელში მის ხელმომწერებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
მედიის წარმომადგენლები ვიდეო-სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტო რეპორტაჟებსა და ბლოგებს საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ მოამზადებენ, რომელსაც უკრაინაში მილიონობით მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა, აღნიშნეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.