თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ განუმარტავს ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ტიკარაძის კონფლიქტის გამო.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ხუთშაბათს, საღამოს განაცხადა. ერთი დღით ადრე ოპოზიციური მედია აქტიურად ალაპარაკდა მინისტრსა და მთავრობის მეთაურს შორის შესაძლო კონფლიქტზე. ამას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ტიკარაძემ დროზე ადრე დატოვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა. მასმედიის წარმომადგენელთა აზრით, დაპირისპირება უკავშირდება კოვიდ-პასპორტების მოქმედების ვადას.
„თანამდებობიდან არასწორი მენეჯმენტის გამო რომ წასულიყო, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ყოველდღიურად 40-დან 80-მდე ადამიანი იღუპება, ეს ჩემთვის ნამდვილად გასაგები იქნებოდა. მაგრამ მიზეზი სრულიად სხვაა – ესაა ღარიბაშვილთან დაპირისპირება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მმართველი პარტიის დაშლის დასაწყისზე მოწმობს. „ეს ყველაფერი დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ტიკარაძის გადაწყვეტილება უყურადღებოდ არც ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუტოვებია. სააკაშვილმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ობიექტური სპეციალისტებით დააკომპლექტა სახელმწიფო სამედიცინო კომისია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სააკაშვილის ჯანმრთელობა 50-დღიანი შიმშილობის ფონზე გაუარესდა.
„ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა“, – ნათქვამია სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მართალია, არ განუმარტავთ ტიკარაძის წასვლის მიზეზები, მაგრამ ერთხმად უარყვეს ვერსია კონფლიქტის შესახებ. ამასთან, მათ წარმატება უსურვეს ტიკარაძეს, რომელმაც პარტიის პოლიტსაბჭოში დარჩენა გადაწყვიტა.
„არ ვადასტურებ რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას“, – განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას“, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ მინისტრის გადადგომის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის პირობებში „ნონსტოპ“ რეჟიმში მუშაობის შედეგად გადაღლა გახდა.
„ტიკარაძე ძლიერი ქალია. იგი პანდემიის დაწყებიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, მანამდე მას საკმაოდ სერიოზულ საკითხებთან გამკლავება მოუხდა. ყველაფერს კი დაემატა კოვიდი, გადაღლილობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ეკატერინე ტიკარაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა. ადრე იგი ხელმძღვანელობდა საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს. მანამდე კი მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.