რატომ დატოვა მინისტრმა თანამდებობა: ტიკარაძის განმარტება

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ის „ქართულ ოცნებაში“ რჩება და საქმიანობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რატომ დატოვა მინისტრის თანამდებობა.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 9 დეკემბერს განაცხადა. ერთი დღით ადრე ოპოზიციური მასმედია აქტიურად ალაპარაკდა მინისტრსა და მთავრობის მეთაურს შორის შესაძლო კონფლიქტზე. ამას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ტიკარაძემ დროზე ადრე დატოვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა. მასმედიის წარმომადგენელთა აზრით, დაპირისპირება უკავშირდება კოვიდ-პასპორტების მოქმედების ვადას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა: ჩხაიძე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

„მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი. ვთვლი, როცა ერთი ადამიანი სამი წლის განმავლობაში არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა. ადრე იგი ხელმძღვანელობდა საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს. მანამდე კი მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.