თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში „სამიტზე დემოკრატიისთვის“ სიტყვით გამოვიდა, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, უპირისპირდებიან რა კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს - გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას.
ამას გარდა, ზურაბიშვილის თქმით, ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის.
პრეზიდენტის აზრით, საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააგრძელოს 30 წლის წინ არჩეული გზა, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაალახვინა ქვეყანას. საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა.
პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით; ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.
„ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას. თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
„თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია“, - დაასკვნა მან.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება.
აშშ-მა „სამიტზე დემოკრატიისთვის“ 110 ქვეყანა მიიწვია, მაგრამ არ მიუწვევია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი და ჩინეთი. ამასთან, ამერიკელების მიერ დემოკრატიების სამიტის ჩატარების იდეა რუსეთშიც და ჩინეთშიც გააკრიტიკეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამიტი გააჩენს არაერთ კითხვას, მათ შორის, კითხვას - რატომ უნდა იხილებოდეს დემოკრატიის მაინცდამაინც ამერიკული ხედვა, როგორც საზოგადოების მოწყობის იდეალური ფორმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ში დაგეგმილი სამიტი მსოფლიოში განხეთქილებისა და კონფრონტაციის პროვოცირებას ახდენს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რომელიც ასევე არ მიუწვევიათ ღონისძიებაზე, აღნიშნა, რომ ბუდაპეშტს არ სჭირდება „მოსამართლე“ დემოკრატიის ხარისხის შესაფასებლად.