ფეხბურთი: თბილისის „საბურთალო“ საქართველოს თასის გამარჯვებულია

თბილისურმა კლუბმა ფინალური დაპირისპირება იური ტაბატაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და დავით ყიფიანის სახელობის თასს უკვე მეორედ დაეუფლა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და თასს უკვე მეორედ დაეუფლა.
ფინალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს გაიმართა. თბილისელებმა მატჩი იური ტაბატაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.
საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში ქუთაისში გაიმართება
თბილისურმა კლუბმა ნახევარფინალურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოს ფეხბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური ქობულეთის „შუქურასთან“ გამარჯვებით (3:2) მოიპოვეს.
აღნიშნული გამარჯვებით „საბურთალომ“ მომავალ წელს „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
თბილისურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში უკვე მე-4 ტიტული მოიგო. „საბურთალო“ ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა (2018), ერთხელ სუპერთასის (2020), ორჯერ კი საქართველოს თასის მფლობელია (2019, 2021).