თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ქართული მხარე არ მიიღებს მონაწილებას შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმა „3+3“ ფორმატში გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან.
აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან ერთად რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრისას.
„საქართველო არ განიხილავს ამ ფორმატში მონაწილეობის საკითხს, შესაბამისად, საქართველო მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას... ამაში საქართველოს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს – ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია და ჩვენ ამის თაობაზე უკვე განვაცხადეთ. შესაბამისად, არც ახლა და არც მომავალში მსგავს ფორმატში მონაწილეობა არ განიხილება“, – განაცხადა დარსალიამ.
„3+3“ ფორმატში პირველი სხდომა მოსკოვში პარასკევს, 10 დეკემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.
რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მექანიზმის შექმნით საქართველოც დაინტერესდება.