პროკურორი: სააკაშვილს უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ მოხვედრაში ყოფილი ძალოვანი დაეხმარა

თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე შეუდგა არსებით განხილვას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ მოხვედრაში მისივე ხელისუფლების დროინდელი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი ეხმარებოდა, განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
კუჭავა სააკაშვილზე: საზღვრის უკანონო კვეთისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება
თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე შეუდგა არსებით განხილვას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. ხუთშაბათს მორიგი წინასწარი მოსმენა გაიმართა. თავად ექს-პრეზიდენტი სხდომას არ ესწრებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - ის აგრძელებს მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
„დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა (სააკაშვილს - რედ.). ეს იყო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი ორგანოდან. ის ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საკითხში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვეფხვაძემ.
მაღალჩინოსნის ვინაობა და მისი ადგილმდებარეობა პროკურატურამ არ გაამჟღავნა.
დღესვე დაანონსდა, რომ საქმის ფიგურანტთა წრე შესაძლოა გაიზარდოს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს და მნახველების ვიზიტების განახლებას მოითხოვს
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.