ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია გადადგომის მიზეზები, თუმცა ის „ქართულ ოცნებაში“ რჩება და საქმიანობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის პოსტს 2 წლის და 6 თვის განმავლობაში იკავებდა.
ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია გადადგომის მიზეზები, თუმცა ის, მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ რჩება და საქმიანობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. გადადგომის გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ყოფილი მინისტრის თქმით, მისი მომავალი საქმიანობა პოლიტსაბჭოში დაუკავშირდება ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის გაძლიერებას.
მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდს და მედიცინის მუშაკებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ებრძვიან და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების გადასარჩენად.

„ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„ეს იყო სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება – სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, რაც საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. არ შეიძლება გამომრჩეს პირველადი ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმა როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მან ასევე ახსენა რეგულირების სამსახურში განხორციელებული რეფორმა – GMP („კარგი საწარმოო პრაქტიკა“) და GDP („კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა“) სტანდარტები, რაც, მისი თქმით, „25-წლიანი შრომის შემდეგ საბოლოოდ ამოქმედდა“. ესაა მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილებაც ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს 2022 წლის განმავლობაში მოუწევთ.
საქართველოში მედიკამენტების ხარისხის ახალ სტანდარტზე გადასვლა კვლავ გადავადდა
ყოფილი მინისტრი ასევე შეეხო დევნილი პირებისთვის განხორციელებულ პროექტებს.

„იცით, რომ 100-მდე ნგრევადი ობიექტი დავხურეთ. ეს ყველა პროექტი სამინისტროს ფორმატში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ბოლოს მან დაასახელა მისი „ფავორიტი“ პროექტი – სოციალური კოდექსი, და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი სამინისტროში წარმატებით გაგრძელდება.
საქართველო სოციალურ კოდექსს მიიღებს – რას ითვალისწინებს იგი?

ეკატერინე ტიკარაძის ბიოგრაფია

ეკატერინე ტიკარაძე 1976 წლის 3 მარტს დაიბადა.
1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 2005 წელს ზოგადი პროფილის სტომატოლოგიის კურსი გაიარა.
2007-2008 წლებში გერმანიაში გაიარა ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი, ხოლო 2015-2016 წლებში - მიუნსტერის (გერმანია) ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კურსი.
2016-2019 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, Donau-Universität Krems-ში, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით. მიღებული აქვს მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
2006-2008 წლებში ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) ფონდში „სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" პროექტის განვითარების მენეჯერი იყო.
2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.
2009-2015 წლებში საჩხერის სტომატოლოგიურ კლინიკაში „დოსტაქარი" იყო მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში.
2015-2016 წლებში ტიკარაძე მუშაობდა საქართველოს საპარტნიორო ფონდში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებით და ამბულატორიაში Georgia Healthcare Group PLC.
2015-2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი იყო.
2019 წლის 18 ივნისს ეკატერინე ტიკარაძემ გიორგი გახარიას მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.