ქართველი ჩოგბურთელები АТР Cup-ზე პირველ მატჩს არგენტინელებთან ითამაშებენ

АТР Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში იასპარეზებს ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ავსტრალიაში ATP Cup-ზე ასპარეზობას 1 იანვარს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ტურნირის წილისყრა სიდნეიში დღეს გაიმართა.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე პოლონეთი იქნება. ეს მატჩი 3 იანვარს გაიმართება. D ჯგუფში დასკვნით შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელები 5 იანვარს საბერძნეთის გუნდთან გამართავენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა
ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა: ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР რეიტინგში 29-ე ნომერი), ალექსანდრე მეტრეველი (569), ალექსანდრე ბაკში (850), საბა ფურცელაძე (1202) და ზურა ტყემალაძე (1316).
ATP Cup-ის ამჟამინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფში განთესილი 16 ნაკრები იასპარეზებს. ტურნირის ნახევარფინალში თითოეული კვარტეტიდან თითო საუკეთესო გუნდი გავა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ითამაშებს ტურნირზე. 2020 წელს გუნდი ესპანეთთან (0:3) და იაპონიასთან (1:2) დამარცხდა, ურუგვაის კი მოუგო (2:1), რის შედეგადაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ATP ტურნირის მოქმედი ჩემპიონია რუსეთის ნაკრები.