თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ამ დროისათვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება და ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვისა და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ დისციპლინური ღონისძიების სახით მას ჩამოართვეს ტელევიზორი და მასთან არ უშვებენ მნახველებს იმის გამო, რომ მან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსებისას დააზიანა სამედიცინო აპარატურა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარამდე იყო.
აღნიშნული ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზეა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.
„ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს დაწესებულებისა და მისი თანამშრომლების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
სამშაბათს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა. უწყებებს ასევე დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.