მიხეილ სააკაშვილს ორი თვით სატელეფონო საუბარი აეკრძალა

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გლდანის ციხის ადმინისტრაციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დისციპლინის დარღვევისთვის ორი თვის განმავლობაში სატელეფონო საუბრების განხორციელება აუკრძალა, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარამდე იყო. ციხის საავადმყოფოში შესახლებისას სააკაშვილმა დაწესებულების თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

„დღეს მე ვიმყოფებოდი გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა დირექტორის განკარგულება, რომლის თანახმადაც, დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის ორი თვით შეზღუდვის სახით", — განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს ეს უფლება ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოერთვა.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და უკანონო, რადგან არ არსებობს არანაირი არგუმენტაცია და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის შესწავლილი.
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს ტელევიზორი ჩამორთმეული არ აქვს
„კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი, თუ რატომ ჰკრა ხელი მიხეილ სააკაშვილმა ამ აპარატს. მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და, ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია, როდესაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით რაღაც ტესტების თუ ანალიზების აღება", — განაცხადა თუთბერიძემ.
თუთბერიძის თქმით, ისინი ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. საუბარია გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.