თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს – თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია, იუწყება „პირველი არხი“.
მკვლელობის საქმეზე, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ზვიადაურის გარდა ჯაბა ჯანგირაშვილიც არის დაკავებული. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბერს ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 ათასი ლარის სანაცვლოდ.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე ჯანგირაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რადგან ის არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას და არ ექვემდებარება ნაფიც მსაჯულთა განხილვას.
ზვიადაურის საქმეზე სასამართლომ 12 ნაფიცი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს. კანდიდატ ნაფიც მსაჯულებს დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შეთანხმებული კითხვარი გაეგზავნებათ.
ჯაბა ჯანგირაშვილმა მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზვიადაური რომ არ ჩარეულიყო სისხლიან დაპირისპირებაში, მსხვერპლი უფრო მეტი იქნებოდა.
კახეთის რეგიონის სოფელ წინანდალში რამდენიმე ახალგაზრდას შორის სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, რა დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, ხოლო დაპირისპირების კიდევ ორი მონაწილე დაიჭრა. სწორედ ძმის მკვლელობის შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა.
ზვიადაურის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა სროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ზურაბ ზვიადაური ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 2004 წელს გახდა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, შემდეგ კი მუშაობდა გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიაში.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ოლიმპიურ ჩემპიონს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 21 იანვარს არის ჩანიშნული.