დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება

Tbilisi Book Days – წიგნის ხელოვნების ცენტრისა (Вооk Art Center) და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეებს (Tbilisi Book Days) საგამოფენო ცენტრი Expo Georgia 17–19 დეკემბერს უმასპინძლებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება წიგნის ბაზრობის ფორმატში გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს.
სტუმრებს ელოდებათ მსოფლიო ბესტსელერების ახალი თარგმანები, საბავშვო ლიტერატურა, ქართული მწერლების ახალი გამოცემები, საინტერესო პრეზენტაციები და ა.შ. თბილისის წიგნის დღეები, ვრცელ კულტურულ პროგრამასთან ერთად, წელს დამთვალიერებელს სთავაზობს წინასაახალწლო ბაზრობის კუთხეს, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა კონცეფციის ქართულ პროდუქციას.
თბილისში დეკემბრის ბოლოს საშობაო ბაზრობა გაიმართება
„წლევანდელი გამოფენის მიზანია შექმნას ვიზიტორთათვის გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დაიტვირთება, ხოლო პარალელურად შესაძლებლობას მისცემს ვიზიტორებს წიგნებთან ერთად ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ კონცეპტუალური ქართული მაღაზიების პროდუქცია“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
ბაზრობაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ორიგინალური სუვენირები, ხელნაკეთი აქსესუარები, სათამაშოები და სხვა ნივთები.
თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში (ა. წერეთლის გამზ. №118) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.