თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახლადშექმნილი „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც პარტია, ამის შესახებ ინფორმაცია ახალი პოლიტიკური სუბიექტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
პარტია შეიქმნა ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე. 20 ნოემბერს თბილისში „კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. 300-ზე მეტმა დელეგატმა პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩია, გენერალურ მდივნად კი გიორგი ქარდავა.
კონსერვატიული მოძრაობის ახლადარჩეულმა ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.
პარტია მაშინვე არ დარეგისტრირებულა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გამოჩენა ყველას არ ეპიტნავა, მას დოკუმენტებთანაც პრობლემები შეექმნა.
26 ნოემბერს საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა იმის გამო, რომ რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. პარტიამ მოკლე დროში გამოასწორა ყველა სამართლებრივი ხარვეზი და მიიღო რეგისტრაცია.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ შექმნეს პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ და მათ მხარდამჭერებს აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში. აქცია, რომელიც თავდაპირველად ლგბტ თემის წინააღმდეგ იყო მიმართული, მალევე გადაიზარდა მასიურ თავდასხმებში ჟურნალისტებზე და რიგით მოქალაქეებზე. „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე პროკურატურაშიც დაიბარეს, თუმცა მას მხოლოდ გაესაუბრნენ. ამ არეულობის რამდენიმე რიგითი მონაწილე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
5 ივლისს არეულობის დროს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.