თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გრძელდება, კლუბების გახსნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ სამინისტროსა და ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებმა კონსენსუსს მიაღწიეს და მათი გახსნის საკითხი სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ბიზნესის კუთხით პოზიციები, გადაწყვეტილება მაშინვე იქნება მიღებული“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე უარყო ხმები საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის უთანხმოებისა და კონფლიქტის შესახებ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთეს მედიასთან კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა, ღიბრაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს.
„მაგ კითხვაზე პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ღიბრაძემ მოქალაქეებს ასევე შეახსენა ქვეყანაში მოქმედ ელექტრონულ პასპორტებს Georgia e-health-სა და CovidPass Georgia-ს შორის მთავარი განსხვავება: პირველ შემთხვევაში საუბარია აპლიკაციაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც სამშობლოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც ეს ერთიანი Covid-სისტემა მოქმედებს. ხოლო რაც შეეხება მეორე CovidPass Georgia აპლიკაციას, მისი გამოყენება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ღიბრაძის თქმით, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული განაცხადის ქაღალდის ვერსიაა, მოქმედებს საქართველოშიც.
„ვისაც არ აქვს გადმოწერილი აპლიკაცია, შეუძლია გამოიყენოს საქართველოში დაბეჭდილი QR–კოდის მქონე ნებისმიერი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოში კოვიდ-პასპორტის სისტემა 1 დეკემბერს ამოქმედდა. სპეციალური QR–კოდის გარეშე ქვეყნის მოქალაქეებს და სტუმრებს ეკრძალებათ რესტორნებში, სასტუმროებში, თეატრებში, მუზეუმებში, ფიტნეს-ცენტრებში და მსგავს დაწესებულებებში შესვლა.