თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რიგი კვების ობიექტების ადმინისტრაცია კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორიაზევე უზრუნველყოფს მომხმარებლის სწრაფ ტესტირებას, რაც დაუშვებელია, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა 1 დეკემბერს ამოქმედდა. სპეციალური QR–კოდის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან კვების ობიექტებში, სასტუმროებში, თეატრებში, მუზეუმებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
„შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს-სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ-ტესტის აღებაზე უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ან კოვიდ-გადატანილ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. PCR–ტესტთან ერთად „მწვანე პასპორტი“ 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. კოვიდ–ტესტის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე ლაბორატორიებს.
ვაქცინირებული და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის კოვიდ-პასპორტები ამ ეტაპზე უვადოდ გაიცემა. თუმცა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნული პუნქტის გადახედვას გეგმავს.