დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შეძლებენ

გარკვეული კატეგორიების ადამიანები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 ოჯახს (321 ადამიანს) საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ოჯახები ფართების დაკანონებას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეძლებენ.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. მორიგი ქონების გადაცემა განვახორციელეთ სიმბოლურ ფასში. 5 ბინათმშენებლობის კოოპერატივს, რომელიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, სადაც არის 130-მდე ოჯახი, 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ქობულეთსა და თბილისში მიიღებს 1 ლარად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები.“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებს პერიოდულად იღებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებისთვის - იძულებით გადაადგილებული თუ სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
„ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელსაც ისინი საჭიროებენ ნორმალური ცხოვრების პირობებისთვის... ერთ ლარად, სიმბოლურ ფასში ვუკანონებთ ქონებას, მათ შორის დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ამა თუ იმ მისამართზე ცხოვრობენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.