თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „დროამ" განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, დაიწყო კიდევ უფრო შორეულ მომავალზე ფიქრი და ახალი თაობისთვის ტვინის გამორეცხვას ცდილობს. ალბათ მალე ისე ვიზამთ, რომ ჩვენს შვილებს საზეპიროდ ექნებათ ბიძინას ბიოგრაფია სასწავლი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც „დროას" ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება.
საზოგადოების ნაწილი პროგრამიდან მეცხრე კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების ამოღებას მოითხოვს. პრეტენზიები ეხება თავებს, რომლებიც ეძღვნება „ვარდების რევოლუციას“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმძღვანელოები პროპაგანდისტული ხასიათისაა და ემსახურება მოქმედი ხელისუფლების ქება-დიდებას, იმ დროს, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში დაკნინებული და ნეგატიურ კონტექსტშია მოტანილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციით კი, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები სწორად, კომპეტენტურად და მრავალმხრივ არის აღწერილი.