თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. თეთრი სახლი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს დიპლომატიურ ბოიკოტს პეკინის ოლიმპიადის წინააღმდეგ, იუწყება CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იმის შესახებ, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას პეკინში არცერთი ამერიკელი ოფიციალური პირი არ დაესწრება, თუმცა სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის მიღება არ შეეზღუდებათ. ეს ნაბიჯი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, იქნება სიგნალი ჩინეთისთვის.
ბოიკოტის შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაკეთდება.
ტელეარხის ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელმაც იმსჯელა ბოიკოტის თემაზე, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, ბოიკოტის თემაზე კომენტარს თავი აარიდა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მიმდინარე წლის მაისში მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოუცხადონ დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთის დედაქალაქში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებს. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ ოლიმპიადაზე დასწრებისგან. ამის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მიერ სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში გატარებული მასობრივი რეპრესიებია, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ეწინააღმდეგება ბოიკოტს პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიადის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.