თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ხოლო მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.
ერთ-ერთ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.