თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. „არა კოვიდ-პასპორტებს" და „არა სავალდებულო ვაქცინაციას" - ამ ლოზუნგებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ ქვეყანაში „მწვანე პასპორტების" სისტემის დანერგვის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა დაიწყო, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვის შესახებ. საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ სპეციალური QR-კოდის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ ეწვიონ მთელ რიგ ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, თეატრებს, კინოთეატრებს, ფიტნეს და სპა ცენტრებს.
კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების აქცია
© photo: Sputnik / Stringer
აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ბევრი ბავშვია. აქციის მონაწილეები ვუვუზელებითა და დოლებით მივიდნენ. ბევრი მათგანი აქციაზე სამედიცინო პირბადის გარეშე მივიდა.
აქციის ორგანიზატორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, შეკრებილები ქვეყანაში „კოვიდ-ტერორის“ დამკვიდრებას არ დაუშვებენ.
„უკვე ტრადიციულად შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. არ უნდა დავუშვათ სავალდებულო ვაქცინაცია და უნდა გავაუქმოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა", - განაცხადა ტომარაძემ.
კოვიდ-პასპორტების შემოღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გასულ კვირასაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაასრულეს. შეკრებილებმა მედიასაშუალება „კოვიდ-ტერორის“ პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.