თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 4 დეკემბერს 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ.
სამართალდამცველებმა 16 წლის ლ.ი. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღეს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩემი ჩართვა. მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრავეიშვილს ცივი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, ჩხუბში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა, ამიტომ გამორიცხული არაა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მკვლელობის მოტივის ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით უცნობია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობა გოგოს გამო მოხდა.