თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის ნოემბერში 2020 წლის ნოემბერთან შედარებით) 12,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (20,2%), კომუნალურ მომსახურებაზე (11,5%).სასტუმროებსა და რესტორნებზე (10,9%) და ჯანდაცვაზე (8,5%). ნოემბერში სურსათი 17%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (27,7%), ბოსტნეული (26,2%), პური და პურპროდუქტები (20,4%), რძე და კვერცხი (17,9%), შაქარი (15,5%).
2021 წლის ნოემბერში, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,6%. ოქტომბერში კი ინფლაცია 1,3% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
ნოემბერში მსოფლიო ფასები ძირითად საკვებზე გაიზარდა 1,2%-ით (ძირითადად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტების ხარჯზე) და მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 2011 წლის ივლისის შემდეგ, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრესრელიზში.
„ამ კუთხით გამოსარჩევია მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული სურსათისა და, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რეგულატორის შეფასებით, გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც გამოწვევაა. ინფლაციის ამ დონეს, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც 2020-2021 წლებში გლობალურად განსაკუთრებით გააქტიურებულია. წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია.
„2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, რასაც, ძირითადად, ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის მიმდინარე პერიოდში რეალიზაცია და ბოლო დროს დაკრედიტების მაღალი ტემპი განაპირობებს“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
ძლიერი საკრედიტო აქტივობა წარმოადგენს დადებით სტიმულს მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის, მაგრამ ამავე დროს აფერხებს ინფლაციის შემცირებას, აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
ინფლაციის დონესთან დაკავშირებული პროგნოზი ჯერჯერობით არასახარბიელოა
ეროვნული ბანკის თვალსაზრისით, ინფლაცია წლის ბოლომდე მაღალი დარჩება.
„მიმდინარე წლის დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის გამო დამატებით გაიზრდება“, - აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.
თუმცა, მძლავრი მიწოდების შოკის პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამასთან, ინფლაციური რისკები ნარჩუნდება და მათ რეალიზებამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს.