ნიკა მელია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სუსის გამომძიებელი ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებს დაუსვამს
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სუსი: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობას გეგმავენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწვევის ტექსტი მელიამ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მელიას გამოკითხვაზე იწვევს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე საქმის დეტალების შემცველი დოკუმენტის გადასაცემად.
„სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი“, - დაწერა მელიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სუსის ამ გამომძიებელს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს.
სუსმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ახორციელებს გამოძიებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე, რომლის ფიგურანტები დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო ეტაპირებისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.