გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ადგილობრივი მოსახლეობა სოფლისთვის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციებს სისტემატიურად მართავს.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
ზეღდულეთის მოსახლეობა 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ავტობანზე გასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ.
ქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა
აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.
ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.