ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზისთვის საქართველოში ორი ლაბორატორია იქმნება

ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ექსპერტიზა, რომელიც ნამუშევრის ავტორის ვინაობას დაადასტურებს
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის ორ ლაბორატორიას, რომელთაგან ერთ-ერთი იტყვის, ვინ არის კონკრეტული ნამუშევრის ავტორი, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეისათვის ასეთი ექსპერტიზა არ არსებობს.

„ერთი ლაბორატორია იქნება სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. დღეს არ არსებობს არავითარი ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, რომ მაგალითად, ეს ფიროსმანია, ან არ არის ფიროსმანი. ამასთან დაკავშირებით ამჟამადაც გვაქვს სასამართლო დავები“, — განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, მეორე ლაბორატორია შეიქმნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რაშიც კულტურის სამინისტროს, კონსულტაციის სახით, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდმა.
თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდა
„შესყიდვის პროცედურები დაწყებულია და თუ ჩვენი იმედები გამართლდა და კარგად ვიმუშავეთ, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო გაგებით, ჩვენს რეგიონში ყველას შევთავაზებთ სახელოვნებო ექსპერტიზას იმიტომ, რომ არის ბევრი ადამიანი, მათ შორის, კოლექციონერები, ან ოჯახები, ვისაც სჭირდება შეაფასოს მათ მფლობელობაში არსებული ნივთი იმისათვის, რომ ან გაყიდოს ან შესაბამის ფასად გადასცეს მუზეუმს,“ — განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელ თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გასულ კვირას მიიღეს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა მინისტრმა პარლამენტს წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ.