12-დან 10 ნარკორეალიზატორია: თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნოემბერში ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის, 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია ფონიჭალასა და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩატარდა. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციისთვის დაკავებულთა შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ორ დაკავებულს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დააკავეს
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ორი პირის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 129 აბი, ,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ,,კოკაინი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.