რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო

„შავი ლომის“ შემადგენლობაში ოთხი მორაგბე არ იქნება, მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა „შავი ლომი“ დაიწყო მზადება „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეხუთე ტურის მატჩისთვის, რომელშიც „ლოკომოტივ-პენზას“ დაუპირისპირდება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა 4 დეკემბერს ავჭალის რაგბის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ 30% (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი) დაიშვება.
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გასვლითი მატჩისთვის ემზადება
ქართველმა მორაგბეებმა პირველი ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი „ლოკომოტივთან“ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებული ხვდება.

„სანაკრებო ფანჯრის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. ბიჭები ნაკრებსა თუ საკუთარ კლუბებში თამაშობდნენ. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა ამ პერიოდში ყველას ჰქონდა. მეტოქისგან განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდებით. ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ვეცდებით ამ მომენტების გამოყენებას“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

„შავი ლომის“ შემადგენლობაში არ იქნებიან ძირითადის მოთამაშეები – სოსო მათიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ნიკა პატარაია. ამ მორაგბეებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.
„შავი ლომი“ ტურნირში 16 ოქტომბერს ჩაერთო. პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა თბილისში „თელ-ავივ ჰითი“ დაამარცხა (33:10), შემდეგ კი სტუმრად სწორედ „ლოკომოტივს“ ანგარიშით 27:11 მოუგო და 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „ლოკომოტივ-პენზა“ ოთხი წაგებით ბოლო პოზიციაზეა, ჯგუფს კი „ენისეი“ ლიდერობს.