თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 1 დეკემბრიდან, კოვიდ-პასპორტები ამოქმედდა - მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის - Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით.
საქართველოს მთავრობასთან არსებული პანდემიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რატომ არის საჭირო ერთდროულად ორი აპლიკაცია.
„ეს ორი აპლიკაცია არის სხვადასხვა დანიშნულების. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ - პასპორტი, რომლითაც ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health და პირობითად, პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ დროს ქვეყნის შიგნით და ამ აპლიკაციას ჰქვია CovidPass Georgia“, - განმარტა ღიბრაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აპლიკაცია CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად.
QR-კოდის სკანირება ქვეყნის შიგნით მოქმედი კოვიდ-პასპორტიდან შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ისე ქაღალდის პასპორტიდან, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. კოვიდ-პასპორტები ასევე საჭიროა ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობისას.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეულ მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია - გადატანილი ავადმყოფობა, PCR-ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
ამ დროისთვის საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.001.801 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,1%.