თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეამცირებს სიკვდილობის მაჩვენებელს და ათასობით მოქალაქეს გადაარჩენს, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, მხოლოდ მწვანე პასპორტების შემოღებით ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ გამოსწორდება. საჭიროა უფრო გადამჭრელი ზომები, და ერთ-ერთია სავალდებულო ვაქცინაცია, ფიქრობს ბიძინა კულუმბეგოვი.
კულუმბეგოვის თქმით, ის, როგორც მედიკოსი 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.
„უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, სახელმწიფო პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე ვერც მკაცრი შეზღუდვების გზით იმოქმედებს, რადგან ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. მისი თქმით, მკაცრმა შეზღუდვებმა პანდემიის დასაწყისში გაამართლა, ახლა კი სხვა მიდგომებია საჭირო.
ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
საქართველოს ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ერთხმად საუბრობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, რომ მხოლოდ ის იხსნის ადამიანს სიკვდილისგან დაავადების შესაძლო გართულებების შემთხვევაში. ამ დროისთვის საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.001.801 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,1%.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეების როგორც ერთ-ერთი რისკის ჯგუფის წახალისებისთვის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში მათ 200 ლარს გადაუხდის. ამის შემდეგ ხანდაზმულებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. კოვიდ-პასპორტები ასევე საჭიროა ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობისას.
ზაფხულში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის 3-5 ათასი ახალი შემთხვევა და 55-70 გარდაცვალება. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბარი ოქტომბერში დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დროიდან ინფექცია 850.102 ადამიანს გამოუვლინდა.