თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აზიაში პირველებმა შეძლეს კლინიკური ნიმუშებიდან „ომიკრონის“ გამოყოფა, რაც კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების შექმნას შეუწყობს ხელს, ნათქვამია უნივერსიტეტის საიტზე.
„ჰონკონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მკვლევარებმა აზიაში პირველებმა შეძლეს კლინიკური ნიმუშებიდან SARS-CoV-2-ის ვარიანტ „ომიკრონის“ გამოყოფა... ეს შესაძლებელს გახდის ჯანმოს მიერ „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტად აღიარებული „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებასა და წარმოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღინიშნება, რომ ჰონკონგელმა მეცნიერებმა „ომიკრონით“ ინფიცირებული ნიმუშებიდან შტამი ორშაბათს, გვიან ღამით გამოყვეს, ანუ ჰონკონგში პირველი ორი შემთხვევის გამოვლენიდან ოთხი დღის და ჯანმოს მიერ ახალი ვარიანტის რეგისტრაციიდან ხუთი დღის შემდეგ.
„ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ვარიანტის საფრთხის სერიოზულობას და დაუყოვნებლივ შევუდექით მუშაობას. შტამის გამოყოფა — ეს პირველი ნაბიჯია კორონავირუსის ახალი ვარიანტის გადაუდებელი შესწავლის გზაზე“, — განაცხადა პროფესორმა კვოკ-იუნგ იუნმა.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ვირუსის გამოყოფა და ინკუბაცია ბიოუსაფრთხოების მესამე დონის მქონე ლაბორატორიაში (ლაბორატორია P3) ჩატარდა. ამ დროისათვის აღნიშნული უნივერსიტეტი ერთადერთია ჰონკონგში, სადაც ასეთი დონის ლაბორატორია არსებობს.
მიკრობიოლოგების გუნდი ამჟამად ვირუსის ვარიანტის შემდგომ იზოლაციასა და გაწმენდაზე მუშაობს, რათა ინაქტივირებული მთლიანი ვირუსის საფუძველზე ვაქცინების წარმოება დაიწყოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.