დაუბრუნდება თუ არა საქართველო ონლაინ-განათლებას - რას ფიქრობს მინისტრი

ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში მიმდინარეობს, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასები ან სკოლები, სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ონლაინ-სწავლება, ის ვერ შეცვლის სასწავლო პროცესს კლასებსა და აუდიტორიებში, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ონლაინ-სწავლება 2020 წლის მარტის ბოლოს კორონავირუსის პანდემიის დაწყების გამო დაწესდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლები კვლავ გაიხსნა, მაგრამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასები ან სკოლები, სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიკლო
„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება. რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ-სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დღესდღეობით დისტანციური სწავლის რეჟიმში მუშაობს 137 სკოლა და 358 ცალკეული კლასი. იმისთვის, რომ ონლაინ-სწავლება წარსულს ჩაბარდეს, ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, აუცილებელია, პედაგოგების ვაქცინაციის მაჩვენებელმა მიაღწიოს 80%-ს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე აცრილია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების 70,9%.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 850.102 ადამიანს გამოუვლინდა. გარდაიცვალა 12.119 ადამიანი. დელტა შტამი, სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან ერთად, ბავშვებშიც უფრო აქტიურად ვრცელდება.