საქართველოში მწეველებს 1 იანვრიდან ახალი ჯარიმები ელოდებათ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი ჯარიმები ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც სიგარეტს საჭესთან ეწევიან, ასევე მათთვის, ვინც მანქანაში ბავშვების თანდასწრებით ეწევა - შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ტაქსის მძღოლები გათანაბრდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებთან, ხოლო ტაქსში მწეველები - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებთან და მათთვის ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.
საქართველოში შესაძლოა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში მოწევა აიკრძალოს
თავის მხრივ, კერძო ავტომობილების მძღოლებს ბავშვების თანდასწრებით ავტომობილში მოწევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ.
გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ 500 ლარით დაჯარიმდებიან ის მაღაზიები, რომლებიც თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმს სკოლებიდან, პროფესიული სასწავლებლებიდან და უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში გაყიდიან.
კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.
„მოვწევ და გავალთ“ – ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს
ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარია. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე. დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისათვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი საშუალოდ 1,5 ლარი ღირდა.