COVID-19 - ბოლო ცნობები

QR-კოდის გააქტიურების შემთხვევაში კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარ იქნება

1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ელექტრონული QR-კოდის გააქტიურების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის კოვიდ-პასპორტის აღება საჭირო აღარ იქნება, ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ორი სახის – შიდა და გარე მოხმარების კოვიდ-პასპორტი ამოქმედდება.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ-პასპორტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მას, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შეუძლია იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში.
აპლიკაციაში QR–კოდის გააქტიურების შემდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის კოვიდ-ბარათის ტარება საჭირო აღარ არის.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით: რა არ ვიცით
ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.
აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გააქტიურდება QR–კოდი, რომელიც შეიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას:
ვაქცინაციის ჩატარების თარიღი და ვაქცინის ტიპი
ბოლოს ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგები
ინფიცირების სტატუსი
ვის შეუძლია აიღოს კოვიდ–პასპორტი?
სრულად ვაქცინირებულ პირს
72–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის PCR–ტესტის მქონე პირს
24–საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის ანტიგენ–სწრაფი ტესტის მქონე პირს
კოვიდ-გადატანილი პირს
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
18 წლამდე პირებისთვის კოვიდ-პასპორტის ფლობა აუცილებელი არ არის.