თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიის მთავრობა ამუშავებს კანონპროექტს კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აცრაზე უარის გამო პირი დიდი თანხით დაჯარიმდება, იუწყება Die Presse.
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაცია 2022 წლის თებერვლიდან გავრცელდება ავსტრიის ყველა მცხოვრებზე.
არსებული ინფორმაციით, აცრაზე უარის გამო ჯარიმა 3 600 ევრო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, მას ოთხი თვით აღუკვეთენ თავისუფლებას.
გარდა ამისა, წესდება კიდევ უფრო დიდი ჯარიმა მათთვის, ვინც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ხელისუფლების შეტყობინებას ორჯერ უგულებელყოფს. ამ შემთხვევაში პირი 7 200 ევროთი დაჯარიმდება.
ამასთან დაიშვება გამონაკლისიც. სავალდებულო ვაქცინაცია არ გავრცელდება ორსულებზე, 12 წლამდე ბავშვებსა და პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის გამო აქვთ უკუჩვენება ვაქცინაციაზე.
კანონპროექტს პარლამენტს განსახილველად 6 დეკემბერს წარუდგენენ.
აღინიშნება, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი მოთხოვნაა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის შენარჩუნება.