თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა თაღლითური სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც 12,7 მლნ ლარის ოდენობის თანხას მოტყუებით დაუფლნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.
მოგვიანებით ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, დაებანდათ თანხები თითქოსდა მოგების მიღების მიზნით.
ამასთან, კომპანიების წარმომადგენლები ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით მათ აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც თანხები დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს.
დაჯგუფების ორ დაკავებულ წევრს ბრალდება წარედგინა თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში და მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.