თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეებმა სასამართლოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილი გაეხსნათ, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ.
„მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ დროისათვის 15 პირია დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.