თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრებილ ადამიანებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სასამართლოს შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილი. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე შსს-ს ქვედანაყოფებია მობილიზებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აცხადებს შსს.
სასამართლო სხდომის პარალელურად შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა.